English / ქართული / русский /
მერაბ ჯულაყიძე
ინფორმაციის ეკონომიკა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საბაზრო მოდელებში ასიმეტრიული ინფორმაციის არსებობის დროს წარმოშობილი რამდენიმე საკითხი, რომელსაც  შეუძლია იდეალურ ინფორმირებულობის მდგომარეობასთან შედარებით, ბაზარი არაეფექტური გახადოს. გონივრულად შედგენილი კონტრაქტების მეშვეობით დაკარგული მოგების დაბრუნება არის შესაძლებელი. კერძოდ, კონტრაქტი შეიძლება გაფართოვდეს დამატებითი პუნქტებით, რომლის შესრულება არათანაბარი ინფორმირებულობით  გამოწვეული დანაკარგებისკომპენსირებას მოახდენს.

საკვანძო სიტყვები: ინფორმაცია, ინფორმაციის ეკონომიკა, ასიმეტრიული ინფორმაცია,  კომპლექსური ხელშეკრულება, ხელშეკრულების ღირებულება. 

*** 

ინფორმაცია ფასეულ ეკონომიკურ რესურს წარმოადგენს. ინდივიდს, ვინც იცის სად იყიდოს მაღალი ხარისხის პროდუქტი იაფად, შეუძლია მეტად გაზარდოს საკუთარი შემოსავალი, ვიდრე მას, ვინც ეს არ იცის. ფერმერს, რომელსაც აქვს მეტი ინფორმაცია ამინდის პროგნოზზე, შეუძლია თავიდან აიცილოს ან შეამციროს სტიქიით გამოწვეული ზარალი, ასევე  გარემოს დაცვის რეგულირება სამთავრობო დონეზე უფრო ეფექტიანი იქნება, თუ იგი მეცნიერულ ცოდნაზე იქნება დამყარებული. ინფორმაციის მნიშვნელობის შესახებ ეს დაკვირვებები დიდი ხანია აღიარებულია, მაგრამ ინფორმაციის მოპოვების ფორმალური ეკონომიკური მოდელირება და მისი შედეგები რესურსის ლოკალიზებისთვის სრულიად ახალია.

ინფორმაციის განმარტება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული: პირველი, სხვადასხვა მოქმედებიდან მისაღები ხელმისაწვდომი ინფორმაციის  რაოდენობა არ არის კარგად განსაზღვრული, ხოლო ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის ერთგვაროვანი მისი მომხმარებლისათვის. ეკონომიკური ინფორმაციის ბევრი  სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ დასახასიათებლად ფასისა და რაოდენობის მაჩვენებლებს ვერ გამოვიყენებთ. ეკონომისტებმა, რომელთაც სურთ ინფორმაციის შესწავლა, კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის საინფორმაციო გარემო (ინფორმაციული სიმრავლე) უნდა განსაზღვრონ და შემდეგ დაადგინონ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს გარემო ინდივიდუალური ქმედებებით. ამის გამოა, რომ არსებობს კონკრეტული სიტუაციური მოდელების სიმრავლე, რომელთა შორის კავშირი მცირეა; ინფორმაციის შესწავლისას მეორე სირთულე თავად ინფორმაციის ზოგიერთ ტექნიკურ თვისებას ეხება. ინფორმაციის უმრავლესობა დროში გამძლეა და გამოყენების შემდეგაც ინარჩუნებს ღირებულებას. თუ სწრაფი კვების ობიექტში შეძენილ საკვებს მხოლოდ ერთჯერ მოვიხმართ, სპეციფიკური გაყიდვების ცოდნით სარგებლობს არა მხოლოდ ის პირი, ვინც იგი აღმოაჩინა, არამედ ნებისმიერი  მისი მეგობარი სოციალურ ქსელში, რომელსაც ეს ინფორმაცია გაუზიარა. მეგობრებს შეუძლიათ სარგებელი ნახონ ინფორმაციის მიღებიდან, როცა მათ მის მისაღებად დანახარჯი არ გაუწევიათ. ასე, ამ შემთხვევაში ინფორმაციას გააჩნია წმინდა „საზოგადოებრივი პროდუქტის“ თვისება. ინფორმაციას ახასიათებს არაკონკურენტუნარიანობა, რადგან სხვებს მისი გამოყენება ნულოვანი დანახარჯით შეუძლიათ და ასევე, არაექსკლუზიურობა, რადგან არც ერთ ინდივიდს არ შეუძლია აუკრძალოს სხვებს ინფორმაციის გამოყენება. ამის კლასიკური მაგალითი არის პრეისტორიულ ეპოქაში ბორბალის გამოგონება, სხვებს შეეძლოთ მისი გამოყენება აღმოჩენის ღირებულების შემცირების გარეშე, ვინც ნახავდა ბორბალს, შეეძლო მისი კოპირება. ინფორმაციის ეს ტექნიკური მახასიათებლები გულისხმობს, რომ საბაზრო მექანიზმები შესაძლოა ხშირად არასრულყოფილად მოქმედებდეს ინფორმაციით უზრუნველყოფასა და რესურსების განაწილებაში. მიწოდების და მოთხოვნის სტანდარტული მოდელები ასეთი მოქმედებების განსაზღვრაში შესაძლოა შედარებიით შეზღუდული გამოყენების იყოს. მოდელების განვითარების პირობებში მათი საშუალებით საინფორმაციო გარემოს თვისებები უნდა გამოვლინდეს.

ინფორმაციის ნაკლებობა გადაწყვეტილების მიმღებისათვის პრობლემას წარმოადგენს, რომელიც გაურკვლობასაც მოიცავს. სრულყოფილი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში ინდივიდი ვერ გათვლის კონკრეტული მოქმედების ზუსტ შედეგს. უკეთეს ინფორმაციას შეუძლია შეამციროს ეს გაურკვევლობა და მიგვიყვანოს უკეთეს გადაწყვეტილებამდე, რომელიც გაზრდილ საგებლიანობას უზრუნველყოფს.

ახალი ინფორმაცია ინდივიდებს შესაძლებლობას აძლევს უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღონ გაურკვეველ სიტუაციაში. მოქნილობა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას, სანამ ინფორმაცია არ გახდება ხელმისაწვდომი. მოქნილობა ზოგჯერ დანახარჯებს მოითხოვს, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება შეიძლება გართულდეს. მაგალითად, პირი გეგმავს დაისვენოს კანარის კუნძულებზე, სურს ჰქონდეს იქ ამინდის შესახებ ინფორმაცია. მოგზაური, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ბოლო წუთამდე არ მიიღოს გადაწყვეტილება, დაელოდება საბოლოო ამინდის პროგნოზს და შემდეგ გადაწყვეტს წავიდეს თუ არა. მაგრამ ლოდინი შეიძლება ძვირი დაუჯდეს (გაფრენის წინ ავიაბილეთი ძვირდება). ამიტომ არჩევანი რთული გასაკეთებელია. ცხადია, გადაწყვეტილების მიღების გადადების არჩევანი ღირებულია, მაგრამ საკითხავია აჭარბებს თუ არა იგი არჩევანის გაჭიანურებით გამოწვეულ დანახარჯებს.

ფინანსური ოფციონები მყიდველს აძლევს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას, აწარმოოს ფინანსური ტრანზაქცია განსაზღვრული პირობებით და წინასწარ განსაზღვრულ დროს. უცხოური ვალუტის ოპციონმა შესაძლოა მყიდველი უზრუნველყოს უფლებით, რომ სამი თვის მანძილზე შეიძინოს ევროები თითოეული $1,1 ფასად. ყველა ასეთ ოფციონს გააჩნია ღირებულება, რადგან ისინი საშუალებას აძლევს მფლობელს დათანხმდეს, ან უარი თქვას განსაზღვრულ ტრანზაქციაზე, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ახალი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ოფციონის ვადის ამოწურვამდე. ასეთი მოქნილობა ხელსაყრელია მრავალფეროვანი საინფორმაციო სტრატეგიებისათვის.

ინფორმაცია ინდივიდებს საშუალებას აძლევს გაურკვეველ  სიტუაციებში მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები. ინფორმაცია კი ყველზე ღირებულია მაშინ, როცა ინდივიდებს მანევრირების საშუალება აქვთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ოფციონების ჩართვა მრავალი სახის ეკონომიკურ ტრანზაქციაში ხორციელდება. მაგალითად, პროდუქტის  შეძენა, რომელსაც „ფულის უკან დაბრუნების“ გარანტია აქვს, მყიდველს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს მთლიანად შეცვალოს ტრანზაქცია, თუ იგი პროდუქტით კმაყოფილი არ დარჩება. ასე, ბევრი იპოთეკური სესხი სახლის მფლობელს არჩევანს აძლევს, რომ გადაიხადოს სესხი ჯარიმის გარეშე, თუ პირობები შეიცვალა. ყოველი ასეთი არჩევანი თავისთავად  ღირებულია. მანქანის მყიდველი არ საჭიროებს დააბრუნოს თავის შენაძენი, თუ მანქანა გამართულად მუშაობს და სახლის მფლობელს არ ჭირდება გირაოს გადახდა, თუ საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება. ამგვარად, ერთი, მყიდველის ოფციონის ჩართვას ტრანზაქციაში მხოლოდ მყიდველისათვის შეუძლია გაზარდოს ტრანზაქციის ღირებულება. კონტრაქტებს ასეთი არჩევანით მოსალოდნელია ჰქონდეს უფრო მაღალი ფასები. მეორე მხრივ, ტრანზაქციებს გამყიდველის ოფციონით (მაგალითად სახლის გამოსყიდვის უფლება საწყის ფასად) ექნება უფრო დაბალი ფასები. ფასების სხვადასხვაობის შესწავლა წარმოადგენს ოფციონის ღირებულების განსაზღვრის ერთ-ერთ გზას.

ინფორმაციის შეძენის პროცესის თანამდევი სირთულეა ის, რომ ინფორმაციის დონე, რომელსაც ინდივიდი ყიდულობს, დამოკიდებულია საინფორმაციო მესიჯების ერთეულის ფასზე. პროდუქტის უმრავლესობის საბაზრო ფასისგან განსხვავებით, ინდივიდებისათვის ინფორმაციის მოპოვების დანახარჯები განსხვავდება. ზოგიერთი ინდივიდი შეიძლება ფლობდეს ინფორმაციის შეძენისათვის საჭირო უნარებს (გაიაროს ტრეინიგი), სხვა შეიძლება არ ფლობდეს ასეთ უნარებს. ზოგს შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის გამოცდილება, რომელსაც მოაქვს ღირებული ინფორმაცია. მაგალითად, გამყიდველს მეტი ეცოდინება მისი პროდუქტის ნაკლოვანებების შესახებ, ვიდრე მყიდველს, რადგან გამყიდველმა კარგად იცის, როგორ მზადდება პროდუქტი და სად შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები. ასევე მყიდველს, რომელიც ხშირად ყიდულობს აღნიშნულ პროდუქტს, მის შესახებ მეტი ეცოდინება, ვიდრე მყიდველს, რომელიც პირველად შეიძენს მას. და ბოლოს, ზოგიერთმა ფიზიკურმა პირმა შეიძლება ინვესტიცია ჩადოს რომელიმე ტიპის საინფორმაციო მომსახურებაში (მაგალითად, საბროკერო ფირმების ქსელში კომპიუტერის ჩართვა), რაც ქმნის დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შედარებით დაბალ ზღვრულ ღირებულებას. ყველა ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ინფორმციის დონე განსხვავებულია საბაზრო ტრანზაქციებში მონაწილე პირებისათვის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვების დანახარჯები შეიძლება იყოს დაბალი. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას შეუძლია შეაფასოს ბოსტნეულის ხარისხი ერთი შეხედვით, მაგრამ, როცა საინფორმაციო დანახარჯები არის მაღალი და ცვალებადი ფიზიკური პირებისთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მოიძიებენ სხვადასხვა ინფორმაციას ხელსაყრელ ფასად.

ინფორმაციის ასიმეტრიულობა. აქამდე ჩვენ გამოვდიოდით იმ წინაპირობიდან, რომ ბაზრის მონაწილენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სრულიად ინფორმირებული არიან სიკეთის და წარმოების ფაქტორების ხარისხის თაობაზე. თუმცა სინამდვილეში ეს ასე არაა. საქონლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიღება ძვირი ღირს, ამიტომ უფრო ხშირად გამყიდველებმა ბევრად მეტი იციან სიკეთის მახასიათებლების შესახებ, ვიდრე მყიდველებმა. საბაზრო ინფორმაციის ასიმეტრიულობის შესახებ სიტუაცია რეალურ ცხოვრებაში ყველგან გვხვდება. ჩვენ აქ განვიხილავთ მხოლოდ ერთ მაგალითს, რომელიც ხარისხის განუსაზღვრელობასთანაა დაკავშირებული.

დავუშვათ, არის რაიმე საქონელი. საკუთარი გამოცდილებიდან მყიდველმა იცის, რომ მოცემული საქონელი შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. თუმცა გარეგნობის მიხედვით შეუძლებელია საქონლის ხარისხის განსაზღვრა.

მყიდველი თანახმაა გადაიხადოს 3 ლარი კარგ საქონელში და 1.5 ლარი ცუდ საქონელში. თავის მხრივ, გამყიდველი კარგ საქონელს ჰყიდის 2.4 ლარად, ცუდს - 1.2 ლარად.

თუ საქონლის ხარისხის საკითხი შეიძლებოდა დადგენილიყო, მაშინ 2 ბაზარი წარმოიქმნებოდა: პირველზე გაიყიდებოდა კარგი საქონელი 2.4 ლარიდან 3.0 ლარამდე ფასით, ხოლო მეორე ბაზარზე - ცუდი საქონელი 1.2 ლარიდან 1.5 ლარამდე. მაგრამ საქონელი განურჩეველია. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საქონლის ფასი წესდება 1.5-3.0 ლარის ინტერვალში.

თუ ფასი დაეცემა 2.4 ლარის ქვემოთ, მაშინ კარგი საქონელი გაქრება ბაზრიდან. მაშინ ფასი დგინდება 1.2-1.5 ლარის ფარგლებში. ამრიგად, ჩამოყალიბდა ეკონომიკის არაეფექტური მდგომარეობა: არსებობს მყიდველები და გამყიდველები, რომლებსაც სურთ იყიდონ და გაყიდონ კარგი საქონელი 2.4-დან 3.0 ლარამდე ფასად. მაგრამ გარიგება არ შეიძლება განხორციელდეს. ეს ბაზრის ჩავარდნის ნათელი მაგალითია, რომელიც საქონლის ხარისხის შესახებ მყიდველთა დეზინფორმაციაა.

რომ ფლობდე სრულ და ზუსტ ინფორმაციას ხშირად საჭიროა მონაცემთა შეგროვების და დამუშავებისათვის დიდი დანახარჯების გაწევა, მეორე მხარის მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების კონტროლი. გარკვეული პოზიტიური როლი ამ სფეროში შეიძლება ითამაშოს მომხმრებელთა დაცვის საზოგადოებამ, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ, მოსახლეობის ფართო ინფორმირებულობამ, სპეციალურმა ლიტერატურამ. მიუხედავად ამისა, ეს ხშირად არასაკმარისი აღმოჩნდება. ძირითადი ზრუნვა, ზემოქმედების არასასურველი გარე ეფექტების აღმოსაფხვრელად, თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ. პირველ რიგში ეს ეხება კანონშემოქმედებით საქმიანობას, მოტყუების ფაქტების სამართლებრივ დევნას, შრომითი ურთიერთობების  და იურიდიული დავების დარეგულირებას.

კომპლექსური ხელშეკრულება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრანზაქციებისათვის გამოიყენება მარტივი ხელშეკრულება: ფირმები ყიდულობენ მომხმარებლებისაგან შუალედური მოხმარების პროდუქტს ფიქსირებულ ფასად და ასევე, ფიქსირებულ ფასად ყიდიან თავიანთ პროდუქტს. რეალურად ტრანზაქციები გაცილებით რთული კონტრაქტების პირობებში ხდება. ფიქსირებული ფასის გარდა, იგი მოიცავს აქციებს, ბონუსებს. ძვირადღირებული მოწყობილობების გამოყენების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს დამატებითი საფასურის გადახდით. სადაზღვევო პოლისი შეიძლება მოიცავდეს დაზღვეულის პასუხისმგებლობას და მომხმარებელს აკისრებდეს გარკვეულ დანახარჯებს თანადაფინანსების სახით. ზოგიერთი ნივთი აუქციონზე გამოცხადებული ფასის ნაცვლად სარეზერვო ფასით ან სხვა რთული საფასო სტრუქტურით შეიძლება იყიდებოდეს. ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობის პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება კომპლექსური ხელშეკრულების დადება.

გარიგებებმა შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა. გაურკვევლობა არ გამოიწვევს არაეფექტიანობას, თუ ტრანზაქციის ორივე მხარეს აქვს ერთი და იგივე შეზღუდული ინფორმაცია მომავლის შესახებ. მაგრამ მას შეუძლია არაეფექტიანობის გამოწვევა თუ ერთ მხარეს აქვს უკეთესი ინფორმაცია. უკეთესი ინფორმაციის მქონე მხარეზე ამბობენ, რომ მას აქვს კერძო ინფორმაცია ან ასიმეტრიული ინფორმაცია. ასიმეტრიული ინფორმაციის მრავალი წყარო არსებობს. ზოგიერთ ხელშემკვრელ მხარეს ხშირად აქვს „შიდა ინფორმაცია“ თავისი ფირმის შესახებ, რაზეც ხელი არ მიუწვდება მეორე მხარეს. განვიხილოთ ჯანმრთელობის დაზღვევის მაგალითი. მომხმარებელს, რომელიც ირჩევს დაზღვევას, აქვს კერძო ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და მთელი ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესახებ, რაც სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნია. ჯანმრთელი მომოხმარებელი თავს არ შეიწუხებს შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, გაუარესებული ჯანმრთელობის მქონე მომხმარებელს მეტი სტიმული ექნება შეიძინოს პოლისი, რათა მოსალოდნელი სამედიცინო ხარჯები მზღვეველს დააკისროს. სამედიცინო გამოკვლევა სადაზღვევო კომპანიას დაეხმარება გაიგოს მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა გამოკვლევა დანახარჯებთან არის დაკავშირებული და გამოკვლევამაც შეიძლება არ მოგვცეს სრული ინფორმაცია, რადგან მომხმარებელი არ მოისურვებს თავისი და თავისი ოჯახის ჯანმრთელობის ისტორიის, ან გენეტიკური დავადებების შესახებ მოუყვეს ექიმს, თუ მზღვეველი მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სადაზღვევო შენატანის ოდენობას გაუზრდის. მომხმარებელს, ასევე, აქვს ზუსტი ინფორმაცია საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ, რაც გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე და შესაბამისად სამედიცინო დანახარჯებზე. მაგალითად, ჯანსაღი კვება, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმა. მზღვეველს შეიძლება ერჩიოს სადაზღვევო შენატანის დადგენა გარკვეული პირობით, დაზღვეულის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მაგრამ მისი ყოველდღიური მონიტორინგი ძალიან ძვირი ჯდება. მომხმარებლისგან არ უნდა ველოდოთ ისეთი ინფორმაციის მიღებას, რომელიც მზღვეველის მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს სადაზღვევო შენატანის გასაზრდელად ან ასანაზღაურებელი თანხის შესამცირებლად.

არასასურველი შერჩევა საბაზრო პროცესია, რომელიც ნეგატიურ შედეგებს იწვევს. ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო კომპანიის მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კარგი ჯანმრთელობის და სუსტი ჯანმრთელობის მქონე მომხმარებლები, შესაბამისად, დაბალი  და მაღალი რისკის მატარებელი მომხმარებლები. სადაზღვევო კომპანიებმა არ იციან მომხმარებელთა ჯანმრთელობის სტატუსი, თუმცა ცდილობენ მის დადგენას. ამიტომ ისინი, სადაზღვევო პრემიის გაზრდით, რისკის მინიმიზებას ახდენენ. გაზრდილი სადაზღვევო პრემია აიძულებს დაბალი რისკის მქონე მომხმარებლებს უარი თქვან ასეთ პირობებზე და შეაჩერონ სადაზღვევო ხელშეკრულებები. შედეგად, სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის მსურველები მხოლოდ მაღალი რისკის მქონე მომხმარებლები იქნებიან. ამ პირობებში სადაზღვევო კომპანია კვლავ ცდილობს რისკის მინიმიზირებას. ეს პროცესი სპირალურ ხასიათს იღებს და სადაზღვევო კომპანიას აღარ დარჩება დაბალი რისკის მატარებელი მომხმარებლები. სადაზღვევო პრემია ისე გადიდდება, რომ მაღალი რისკის მომხმარელებიც ვერ შეძლებენ სადაზღვევო პოლისის შეძენას. მოვლენები ამ სცენარით რომ არ განვითარდეს, სადაზღვევო კომპანიებს იცავთ სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის პროგრამები. დამსაქმებლებს ევალებათ დასაქმებულები დააზღვიონ, რაც სადაზღვევო კომპანიებს ეხმარება შეინარჩუნოს ბალანსი დაბალი და მაღალი რისკის მქონე მომხმარებლებს შორის.

ასიმეტრიული ინფორმაციის სხვა წყაროა ინდივიდის მიერ გაწეული მომსახურების ყიდვა. მყიდველს შეიძლება ყოველთვის არ ქონდეს საშუალება მონიტორინგი გაუწიოს ინდივიდს, ხოლო ამ ინდივიდს შეიძლება უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, რასაც მისგან მოითხოვენ, სწორედ ამიტომ იქნა იგი დაქირავებული. მაგალითად, სამზარეულოს ონკანის შესაკეთებლად გამოძახებულ ხელოსანს სახლის პატრონზე უკეთ ეცოდინება შესასრულებელი სამუშაოს სირთულე.

ასიმეტრიულმა ინფორმაციამ შეიძლება არაეფექტიანობა გამოიწვიოს. სადაზღვევო კომპანიებმა შეიძლება შემოგვთავაზონ ნაკლები სადაზღვევო თანხა და მეტი შენატანი, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ პოტენციური კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საშუალება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის მოთხოვნის უფლება. მომხმარებლები, რომლებიც ნაკლებ სამედიცინო დანახარჯებს მოელიან, ვიდრე სადაზღვევო შენატანია, გამოეთიშებიან ბაზარს და ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ჯანმრთელობის რისკის მქონე მომხმარებლები. ონკანის  შემთხვევაში, ხელოსანს შეუძლია გაზარდოს გადასახდელი თანხა, სხვა მუშა მდგომარეობაში მყოფი ნაწილის შეცვლის მომიზეზებით ან სამუშაო დროის გაზრდით, ვიდრე რეალურად არის საჭირო (რესურსების გაფლანგვა).

ხელშეკრულების ღირებულება. ზოგიერთი არაეფექტიანობის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულებაში პირობების დამატება გამოიყენება. სადაზღვევო კომპანიას შეუძლია შესთავაზოს დაბალი სადაზღვევო შენატანი იმ მომხმარებელს, ვინც ჯანმრთელობის შემოწმებას გაივლის ან თანხმობას განაცხადებს მოსალოდნელი სამედიცინო დანახარჯების თანადაფინანსებაზე. დაბალრისკიან მომხმარებლებს მეტი სტიმული ექნებათ გაიარონ სამედიცინო შემოწმება და თავის თავზე აიღონ სამედიცინო დანახარჯების ნაწილი. სახლის მფლობელს შეუძლია გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ონკანების გამართული მუშაობა ფიქსირებული გადასახადის პირობებში და არა ცალკეული გამოძახებით დაზიანებული ნაწილის შესაკეთებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებას შეუძლია აღმოფხვრას ასიმეტრიული ინფორმაციით გამოწველი არაეფექტიანობა, მას იშვიათად ძალუძს ყველა ტიპის არაეფექტიანობის ერთდროული მოგვარება. ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა მიერ ჯანმრთელობის შემოწმებას სჭირდება გარკვეული რეალური რესურსები. დაბალი რისკის მქონე მომხმარებელს სამედიცინო დანახარჯების ნაწილის თავის თავზე აღების მოთხოვნა ნიშნავს, რომ  იგი სრულად დაზღვეული არ არის, რაც სოციალური დანაკარგია იმ გაგებით, რომ რისკისადმი ნეიტრალურად განწყობილი სადაზღვევო კომპანია იქნება უფრო ეფექტური რისკის მატარებელი, ვიდრე რისკის მოწინააღმდეგე მომხმარებელი. ხელშეკრულება, რომელშიც ფიქსირებული გადასახადია დადგენილი, ძნელად იქნება გამართულად ფუნქციონირებადი. მაგალითად, სახლის მეპატრონის ნაკლები ყურადღება შეიძლება გამოიწვიოს მოხმარების პროცესში, რადგან ნებისმიერი დაზიანება ხელოსნის გასაკეთებელი იქნება. ამან ასევე შეიძლება გამოიწვის ხელოსნის გულგრილობა, იგი შეეცდება მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არ გამოვიდეს მწყობრიდან აღჭურვილობა.

ამრიგად, გაურკვეველ სიტუაციებში ქცევის მოდელირების ყველაზე გავრცელებული გზა იმის დაშვებაა, რომ ინდივიდები საკუთარი ქცევების მოსალოდნელი სარგებლიანობის მაქსიმიზაციას ცდილობენ. რისკის მოყვარული ინდივიდები თავს დაიზღვევენ გაურკვევლობისაგან, თუ სადაზღვევო პრემია აქტუარული გათვლების მიხედვით სამართლიანი არ არის. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ,  მეტი გადაიხადონ რისკის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაცია ყველაზე ღირებული მაშინაა, როცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინდივიდს მანევრირების საშუალება აქვს. უფრო რთული კონტრაქტები, ვიდრე პროდუქტის ერთეულზე ფიქსირებული ფასია, შეიძლება გამოყენებული იქნეს მხარეების არათანაბარი ინფორმირებულობის შემთხვევაში. ასეთი კონტრაქტების არსებობის დროს განხილული უნდა იქნეს მხარეთა ინფორმირებულობა კონტრაქტზე ხელის მოწერამდე და იმ პირობებში, როცა კონტრაქტის მოქმედების პროცესზე თვალყურის მიდევნება შეუძლებელია.  

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Stigler G. J. 1961. “The Economics of information”
  2. Shavell S. 1979. “On Moral Hazard and Insurance,” Quarterly Journal of Economics(November 1979): 541-62
  3. Pratt W. 1964. “Risk Aversion in the small and in the large,” Econometrics (January/April 1964):122-36